რევაზ სოხაძე გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
31 მაისი 2026
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მნიშვნელობის E70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში შენდება 14-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 22 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, წყალგამტარი მილები და მიწისქვეშა გასასვლელები.
ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია 11-კილომეტრიან მონაკვეთზე, ხოლო დარჩენილ 3 კილომეტრზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და წელს დასრულდება.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.
გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზა სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ქობულეთის შემოვლით გზასთან დააკავშირებს, რის შედეგადაც სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით სრულად ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.